ეკონომიკა

Vinexpo Bordeaux 2017: ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა

20.06.17 21:55


კონკურს Citadelles Du Vin-ზე, რომელიც ღვინის საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2017-ის ფარგლებში გაიმართა, ქართველი მეღვინეების პროდუქციამ ოთხი ჯილდო დაიმსახურა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2017 ბორდოში 18-21 ივნისს იმართება. გამოფენა ბორდოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ 1981 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელში ერთხელ იმართება.

უმაღლესი ჯილდო "ტროფი ღვინო" დაიმსახურა ღვინომ "ხარება 2012" (კომპანია "მეღვინეობა ხარება"), ოქროს მედალი — მაყაშვილის ღვინის მარნის ღვინომ "კაბერნე 2015" (კომპანია "ვაზიანი კომპანი"), ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ ღვინოები "ქინძმარაული 2013" (კომპანია "კახური ღვინის მარანი") და "ჭაჭა" (კომპანია "შუმი"). კონკურსი Citadelles Du Vin მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით ტარდება. ამ კონკურსის წევრი აგრეთვე არის ღვინისა და სპირტიანი სასმელების წამყვანი საერთაშორისო კონკურსების მსოფლიო ფედერაცია (VINOFED), რომელიც ღვინის 12 უდიდეს მსოფლიო კონკურსს აერთიანებს. Vinexpo Bordeaux — ღვინის ერთ-ერთი უდიდესი ფორუმია, რომელშიც წელს მონაწილეობს 42 ქვეყნის წარმომადგენელი და მთელი მსოფლიოს 45 000 ღვინის სპეციალისტი, ბაიერი და იმპორტიორი. შესაბამისად, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები დაამყარონ როგორც იმპორტიორებთან, ასევე დისტრიბუტორებთან.

წელს გამართულ გამოფენაზე, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელ 24 კომპანიას აქვს წარმოდგენილი.

მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის გამოფენაში საქართველო უკვე მეორედ მონაწილებს.

გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა და სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, OIV-ს კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ანა გოდაბრელიძემ ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია გამართეს. გამოფენის სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ.

"წლევანდელ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, მიმდინარე წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველო, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მასშტაბურ ექსპოზიციას წარმოადგენს. ეს არის შანსი ქართული ღვინის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის", — აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

2016 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის "ცივილიზაციისა და ღვინის კულტურის ფონდს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად 2017 წელი ბორდოში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდა. ასე, რომ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, საქართველო გახდება პირველი საპატიო სტუმარი და მასშტაბური გამოფენა "ვენახი — საქართველოს" ორგანიზატორი. საქართველოს წარმომადგენლები სტუმრებს გააცნობენ ქართულ ღვინოს, კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას.

გამოფენასთან ერთად გაიმართება ღვინის დეგუსტაციები, კონფერენციები, ფილმების ჩვენებები და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღონისძიებების ორგანიზებაში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს "ცივილიზაციისა და ღვინის კულტურის ფონდი".



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები