საზოგადოება

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „კორტების სპეცოპერაციაში“ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

21.06.17 17:10


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც 2006 წლის 2 მაისს, ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას“ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე მსჯავრდებული პირები: ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე, გრიგოლ კვინიკაძე და კახაბერ ნაკანი ცნობილ იქნენ დამნაშავედ.

პროკურატურის მიერ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 2 მაისს, ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას“ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე მსჯავრდებულმა პირებმა ჩაიდინეს ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა და განზრახ უკანონო დაკავება.

კერძოდ: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა – დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 25, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი. ამავე განაჩენით ი. ფირცხალავა გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში.

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი. ამავე განაჩენით გიორგი ცააძე გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და განზრახ მკვლელობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში (მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას).

შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი – დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი.

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი.

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ უკანონო დაკავებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები