პოლიტიკა

დენიელ ფრიდი - ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჯერი აუცილებლად მოვა

22.06.17 16:35


ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია ყოველთვის მარტივად არ ვითარდება და საქართველოს ჯერი აუცილებლად მოვა, - ”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, დენიელ ფრიდმა განაცხადა.

ფრიდის თქმით, საქართველო იმსახურებს ადგილს ევროპაში იმის მიხედვით, რასაც თავად გააკეთებს და ამას მოსკოვი არ წყვეტს.

”საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილ ქვეყნებს, რომლებმაც ძლიერი დემოკრატიული და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყეს, აქვთ ყველა უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის ბედი. მათი უფლებაა იყვნენ ტრანსატლანტიკური საზოგადოების და საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილი. ამ პროგრესს ”ცივი ომის” დასრულებიდან თითქმის 20 წელი დასჭირდა. თქვენ, ქართველები იმსახურებთ თქვენს ადგილს ევროპაში. საქართველოს შემთხვევაში ეს მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

თქვენ იმსახურებთ თქვენს ადგილს ევროპაში იმის მიხედვით, რასაც თქვენვე გააკეთებთ და ამას არ წყვეტს მოსკოვი. მესმის რომ ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია ყოველთვის მარტივად არ ვითარდება და საქართველოს ჯერი აუცილებლად მოვა”, - განაცხადა ფრიდმა.

მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია რუსეთის გავლენა, მისი შავი ფული და მცდელობები გავლენა იქონიოს სხვა ქვეყნების არჩევნებზე, მაგრამ ძალიან ხშირად რუსეთი მიზანს ვერ აღწევს, ვინაიდან, დიპლომატის შეფასებით, ”რუსეთს უნდოდა საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი შეეჩერებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა”.

”1989 წლის შემდეგ, ჩვენ დაახლოებით 20 წელი დაგვჭირდა პოლონეთის და ბალტიისპირეთის სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. საქართველოზე ჩვენ, დასავლეთს, ერთიანი პოზიცია არ გვქონდა და იმავე წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ვერ გავერთიანდით ნატო-ს წევრობის საკითხზე და შემდეგ იყო ომი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ ვაღიარებთ. ამ ომით საქართველოს ისტორია არ დასრულებულა, მისთვის კარები არ დახურულა. მე მაშფოთებს რუსეთის გავლენა, მისი შავი ფული, მისი მცდელობები გავლენა იქონიოს სხვა ქვეყნების არჩევნებზე. ამის მაგალითები გვქონდა შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში. რა თქმა უნდა, მაშფოთებს რუსეთის გავლენა, მაგრამ ძალიან ხშირად რუსეთი მიზანს ვერ აღწევს, რუსეთს უნდოდა საქართველოს დემოკრატიზაცია შეეჩერებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. შეცდომაა იმის დაშვება, რომ რუსეთი მიზანს მიაღწევს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტოტალიტარული სახელმწიფოა, ჩვენ კი დემოკრატიული. მესმის ქართველების იმედგაცრუების. საქართველოს თავს დაესხა მასზე ბევრად დიდი და ძლიერი მეზობელი, ტერიტორიები ოკუპირებულია, ხალხი კი დევნილობაშია. ეს ყველაფერი იმედგაცრუებას იწვევს. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ დასავლეთს საქართველო არ სჭირდება, რომ დასავლეთი საქართველოს არასდროს მიიღებს.

მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, მთავარია რა სურს საქართველოს. მთავარია რა სურთ ქართველებს და არა ის თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსთვის. მე ამერიკელი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ოპტიმისტი ვარ. საქართველოში პირველად საბჭოთა კავშირის დროს ჩავედი, მაშინ რომ ქართველებისთვის გვეკითხა როდის გახდება საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, ალბათ 5%-ზე ნაკლები თუ იფიქრებდა, რომ ეს მათ სიცოცხლეშივე მოხდებოდა, მაგრამ ეს მოხდა.

ცვლილებები იმაზე მალე ხდება, ვიდრე ხშრად წარმოგვიდგენია”, - აღნიშნა დიპლომატმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები