პოლიტიკა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს

22.06.17 18:50


მთავარ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მიზანს ქართველი პროკურორებისთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა. სასწავლო პროცესს, ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი უძღვებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის: დასაბუთებული განაჩენის აუცილებლობა, საპროცესო შეთანხმება, ირიბი ჩვენება და სხვა თემატური საკითხები.

სასწავლო კურსი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.

ტრენინგი საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან” მხარდაჭერით განხორციელდა. სასწავლო პროცესში, საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან 22-მა პროკურორმა მიიღო მონაწილეობა.

ადამიანის უფლებათა დაცვა და სამუშაო პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები