საზოგადოება

საქართველომ სოციალური პროგრესის რეიტინგში 53-ე ადგილი დაიკავა

26.06.17 14:00


ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative-ს მიერ მომზადებულ „2017 წლის სოციალური პროგრესის ინდექსში“ საქართველომ 70,8 ქულით 53-ე ადგილი დაიკავა.

Social Progress Imperative ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. ძირითადი ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც აფასებს ორგანიზაცია ქვეყნების მოსახლების კეთილდღეობას, არის: წვდომა ჰიგიენაზე, საცხოვრებელზე, საკვებ პროდუქტებზე, ჯანდაცვაზე, ინფორმაციასა და განათლებაზე, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ტოლერანტობის ხარისხი.

კვლევის თანახმად, საქართველომ მაღალი ქულები რამდენიმე კუთხით მოიპოვა. ესენია: საბაზო განათლება — 99,26 ქულა კვება და საბაზო სამედიცინო მომსახურება — 95,96 წყალი და სანიტარია — 90,26 პერსონალური უსაფრთხოება — 82,87 საცხოვრებელი — 79,48. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, აქ საქართველოს დაბალი ქულები აქვს. ტოლერანტობა და ჩართულობა ქვეყანაში 26,3 ქულით შეფასდა, უმაღლეს განათლებაზე წვდომა — 55,8 ქულით, არჩევანის პერსონალური თავისუფლება 57,87 ქულით, გარემოს ხარისხი 58,74 ქულით, ხოლო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 62,85 ქულით. მთლიანობაში საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც სოციალური პროგრესის ინდექსი საშუალოზე მაღალია.

მიუხედავად ამისა, ეს მონაცემები ხელს არ უშლის საქართველოს, იყოს ლიდერი რეგიონში და გაუსწროს თავის უახლოეს მეზობლებს. თურქეთმა ინდექსში 61-ე ადგილი დაიკავა, სომხეთმა — 59-ე, აზერბაიჯანმა — 76-ე, ხოლო რუსეთმა —67-ე ადგილი.

საქართველომ მაჩვენებლით ასევე გაუსწრო უკრაინას, რომელიც 64-ე ადგილზეა ინდექსში, ყაზახეთს (74-ე ადგილი — და ბელარუსს (65 ადგილი). ინდექსში პირველ ადგილზე განთავსდა დანია — 90,57 ქულით, რომელსაც მოჰყვება ფინეთი — 90,53 ქულით, და ისლანდია — 90,27 ქულით. ყველაზე ცუდად საქმე სოციალური პროგრესის კუთხით აქვთ: ჩადის რესპუბლიკას (35,69 ქულა), ავღანეთს (35,66) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას (28,38). ეს სოციალური პროგრესის მიხედვით ყველაზე დაბალი ქვეყნების კატეგორიაში შემავალი სახელმწიფოებია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები