პოლიტიკა

ცესკო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ამომრჩეველთა მონაცემებს 15 ივლისს მიიღებს

10.06.16 20:55


ცესკო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ამომრჩეველთა მონაცემებს 15 ივლისს მიიღებს. დღეს, ცესკოში, ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები ამომრჩეველთა სიის ფორმირების საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე ბევრი ნიუანსი განიხილეს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის საკოორდინაციო შეხვედრა და თანამშრომლობა ეფექტური იქნება იმისათვის, რომ საკითხები, ნიუანსები, არსებული ხარვეზები უწყებებთან განიხილონ.

„დღეს ძირითადად ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ვადების და მონაცემების მოწოდების ვალდებულებებზე, რომელიც კანონმდებლობით გაწერილია. ასევე ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო სიახლეებზე, რომლებიც ამ უწყებებს შეეხება. ასევე კოორდინაციის ეფექტურ მექანიზმებზე, რათა ამომრჩეველთა სია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაქსიმალურად დახვეწილი იყოს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა სამხარაძის თქმით, მიმდინარე პროექტის თანახმად უწყება გაორების აღმოფხვრის პრევენციაზე გარდაცვლილი პირების იდენტიფიცირებაზე და შესაბამისი აქტების შედგენაზე მუშაობს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირებს, რომელთაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა აქვთ, კერძოდ, რეგისტრაციიდან მოხსნილის სტატუსის მქონე და ვალიდური დოკუმენტის არმქონე პირებისთვის, მიმდინარეობს აქცია, მათთვის პირობების მოწმობა, რეგისტრაცია და ფოტოსურათი უფასოა“, - აღნიშნა მამუკა სამხარაძემ.

მისივე ინფორმაციით, პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემების შემდგომი გადაცემის ვადა კანონმდებლობით 15 ივლისია. ამის შემდეგ ცესკო-ს საჭიროებისამებრ საბოლოო სიის გამოქვეყნების მიზნით შეუძლია დამატებით ინფორმაცია წერილობით გამოითხოვოს. შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ. ცესკო-ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შს სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 757


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები