პოლიტიკა

ნიკა მელია - თუ თბილისის მერია ივანიშვილის ნებას დაჰყვება, დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყება

04.05.16 15:40


იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია დაჰყვება ივანიშვილის ნებას დედაქალაქში აქტიური საპროტესტო აქციები დაიწყება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად თბილისის მერია ჯიუტად ატარებს აუქციონს, რომელზეც იგეგმება ბიძინა ივანიშვილისთვის დანაშაულებრივად, წინასწარი შეთანხმებით და უამრავი სხვადასხვა პროცედურების დარღვევით 29 ჰექტარი მიწის გადაცემა, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„წინა სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა აბსოლუტურად მალულად თბილისის ბოტანიკური ბაღისგან მიიტაცა 4 ჰექტარი ტერიტორია ისე, რომ ამის შესახებ თბილისში არავინ იყო საქმის კურსში გარდა ივანიშვილისა, ბოტანიკური ბაღის დირექტორისა და მერიის მაღალჩინოსნისა. დღეს რამდენიმე საათში ბიძინა ივანიშვილი დამატებით აპირებს თბილისში 29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის პირად საკუთრებაში დარეგისტრირებას. საუბარია იმ 29 ჰექტარზე, რომლის რეალიზაციისთვის დაქვემდებარება არც ერთ მთავრობას აზრადაც არ მოსვლია, ვინაიდან დედაქალაქში არსებობს ტერიტორიები, რომლებიც არ იყიდება. შეუძლებელია გაიყიდოს რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი, ან ფეხით სავალი ნაწილი. სწორედ ასეთი მასშტაბისა და ღირებულების ტერიტორიაზეა საუბარი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მან კიდევ ერთხელ მიმართა ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, რომ არ დაუშვას აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება.

„კიდევ ერთხელ და უკანასკნელად მინდა მივმართო უკლებლივ ყველა მავნებლობაში ჩართულ პირს, დაწყებული თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, გაგრძელებული ბატონი ივანიშვილითა და ნარმანიათი, რომ შეწყვიტოთ დანაშაულებრივი აუქციონი. თბილისელები არ დაუშვებენ, რომ ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ნაწილი გახდეს ერთი კერძო მესაკუთრის საკუთრება. თბილისელები არ დაუშვებენ, რომ კულტურული და ისტორიული ტერიტორია გახდეს მილიარდერის კერძო ფაზენდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ადგილი აქვს 29 ჰექტარის ფაქტობრივად უსასყიდლოდ გადაცემას, რადგან დავით ნარმანიამ აღნიშნული 29 ჰექტარი 6 მილიონ ლარად შეაფასა, ანუ კვადრატული მეტრი 21 ლარად განსაზღვრა.

„მაშინ, როცა შედარებისთვის, 10 წლის წინ ივანიშვილმა თავისი
რეზიდენციის მიმდებარედ შეიძინა კვადრატული მეტრი 36 ლარად მშენებლობის უფლების გარეშე. 29 ჰექტართან მიმართებაში კი საუბარია მშენებლობის ნებართვაზე“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია დაჰყვება ივანიშვილის ნება-სურვილს, დედაქალაქში დაიწყება აქტიური საპროტესტო აქციები, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკლებლივ ყველა. როგორც მელიამ აღნიშნა, ისინი დაელოდებიან 17:00 საათზე აუქციონის შედეგებს და ამის შემდეგ საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებენ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

„სამოქმედო გეგმა შეთანხმებული იქნება უკლებლივ ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან და ერთობლივი გეგმის ნაწილი იქნება ჩვენი მოქმედებაც“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო : IPN /www.ambebi.ge/

წაკითხულია : 19


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები