პოლიტიკა

ქორწინების განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო

13.06.16 17:15


სანდრო ბრეგაძისგან, სოსო მანჯავიძისგან და ზვიად ტომარაძისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ქორწინების განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა, დღეიდან 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. პოლიტიკურ პარტიებს ისინი აქტიუროიბისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„საინიციატივო ჯგუფს მიეცა უფლება, შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა, რათა დაინიშნოს რეფერენდუმი საკითხზე – გსურთ თუ არა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ოჯახი განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს გახლავთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმ კუთხით, რომ ეს არის ფაქტობრივად მეორე საკითხი, რომელიც რეფერენდუმზე გადის საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე.

დღეიდან საინიციატივო ჯგუფი ვიწყებთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უნდა წარვმართოთ ფორსირებულად, რადგანაც ჩვენი მიზანია, რომ პროცედურების გავლა მანამდე მოესწროს, სანამ 2016 წლის 8 ოქტომბერს, ანუ საპარლამენტო არჩვენების ჩატარების დღეს, რეფერენდუმი დაინიშნება.

რეფერენდუმს ფინანსური რესურსი სჭირდება და იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი დაინიშნება არჩევნების დღეს. ეს ზედმეტი ფინანსური დანახარჯი არ იქნება და სახელმწიფო ბიუჯეტს აღარ მოუწდეს ამ საკითხისთვის გარკვეული თანხის გაღება.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბრძოლა საინიციატივო ჯგუფისა იყო საკმაოდ ძნელი, ჩვენ ბევრი ხელისშემშლელი პირობა გვქონდა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უცხოელები თუ ქართველთ მოძულეები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რეფერენდუმზე აღნიშნული საკითხი არ დამდგარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენჯერმე ჩაგვიგდეს აღნიშნული საკითხი, ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და გუშინ დარეგისტრრდა ჩვენ მიერ შეტანილი დოკუმეტაციაც“,- განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე განცხადებით, ხვალიდან საინიციატივო ჯგუფი საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას ეწვევა და ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, მხარდაჭერას სთხოვს. აღსანიშნავია, რომ ბრეგაძის განცხადებით, პარტიებს შორის იქნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „რესპუბლიკური პარტიაც“.

„მინდა მივმართო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საქართველოში არსებობს, რომ თავის აქტივისტებთან ერთად, მიიღონ აქტიური მონაწილეობა ამ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების საქმეში. ჩვენი წარმომადგენლები ხვალიდან მივლენ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიაში. ეს იქნება „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პარტია, ირაკლი ალასანიას გუნდი, „ეროვნული ფორუმი“ , “მრეწველთა პარტია“ , თამაზ მეჭიაურის პარტია, კახა კუკავას პარტია, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ჩვენ იგივე შეთავაზებას გავუკეთებთ როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „რესპუბლიკურ პარტიას“ და თუკი ისინი დაგვთანხმდებიან, ჩვენ მათ მივუტანთ შესაბამის ბლანკებს, რათა მათმა წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 838


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები