საზოგადოება

ურეკის მოსახლეობა ზღვაზე გასასვლელის გარეშე რჩება-მასშტაბური აქცია კურორტზე

13.06.16 17:45


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მასშტაბური აქცია ურეკში. ადგილობრივები ზღვაზე გასასვლელი გზის გარეშე დარჩენას აპროტესტებენ.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ კურორტ მაგნენიტში, ტყე-პარტის ტერიტორიაზე უკანონოდ გაყიდული 4 ჰა-ზე მალე მასშტაბური მშენებლობების დაწყება იგეგმება, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს დამსვენებლების მოზიდვის კუთხით შეუქმნის: "ერთადერთი გზაა, რომლითაც ზღვაზე მისასვლელად ვსარგებლობთ. ამ გზის ჩაკეტვა ჩვენთვის ჩავარდნილ ტურისტულ სეზონს ნიშნავს.

არც ერთი დამსვენებელი არ დაიქირავებს ბინას, საიდანაც ზღვაზე მოხვედრას ვერ შეძლებს"-აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის თქმით, გარდა იმისა, რომ ისინი ვერ ისარგებლებენ მთავარი გზით, გაჩეხვა ემუქრება ტყეს, სადაც მათი ინფორმაციით კერძო ინვესტორი სხვადასხვა მშენებლობების დაწყებას გეგმავს: "ამ ტყე-პარკის ტერიტორია 2002 წელს უკანონოდ გადასცეს ვანო ჩხარტიშვილს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ აქ ჩამოყვანილი ჰყავდა ცნობილი ბიზნესმენი ტარიელ ვასაძე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ მის ინტერესშია აქ დაიწყოს სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა".

აქციაზე შეკრებილების თქმით, აღნიშნული ტერიტორია, სადაც წლების წინ რუსთავის აზოტის საკუთრებაში არსებული კოტეჯები იყო, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს უკანონოდ გადასცეს. ამის თაობაზე, როგორც ისინი აცხადებენ, რამდენჯერმე მიმართეს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ მინისტრსაც, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი აქციებს გააგრძელებენ და არც ერთ კერძო პირს გზის ჩაკეტვისა და ტყის გაჩეხვის საშუალებას არ მისცემენ.

აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 1351


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები