პოლიტიკა

NDI-ის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს

13.06.16 17:55


დღეს,“ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) საქართველოში 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გამტკიცებაა.

ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები არიან: სემ კოპერსმითი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არიზონას შტატში; პერ ეკლუნდი - საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი; მაიკლ პოზნერი - სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; იანუშ ონიშკევიჩი - პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი; ლორა ჯუიტი - NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლორა თორნტონი - NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

”ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს”, - აღნიშნულია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ივნისს, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია, ანგარიშის სახით, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

სადამკვირვებლო დელეგაციას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 982


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები