საზოგადოება

თბილისის ბოტანიკურ ბაღთან შეიძლება გოლფის მოედანი მოეწყოს

04.05.16 16:45


ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ აუქციონით გაიყიდა, სასტუმროს გარდა, შესაძლოა, გოლფის მოედანი მოეწყოს, განაცხადა „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ პრესკონფერენციაზე.

მან დაადასტურა, რომ 29 ჰექტარზე მეტი ფართობი „თანაინვესტირების ფონდმა“ შეიძინა. ეს მას 6,3 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

სასტუმროს ტერიტორიის იმ ნაწილში ააშენებენ, რომელიც ქალაქიდან არ ჩანს. დანარჩენ ტერიტორიას სპორტული დასვენებისთვის მოაწყობენ, აღნიშნა მან.
„მიმაჩნია, რომ ნამდვილად აუცილებელია, ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, აღმოჩნდნენ ლამაზ ბუნებაში, რომელიც მოვლილი და კეთილმოწყობილი იქნება და მისდიონ სპორტს. მოეწყობა სარბენი და ველოსიპედის ბილიკები, სხვა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა… ასევე, არის იდეა, მოეწყოს გოლფის მოედანი“, — განაცხადა ქარსელაძემ.


ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვა გააპროტესტეს ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს დაკავშირებულია თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე მასშტაბურ პროექტთან „პანორამა თბილისი“.

პროექტი „პანორამა თბილისის“ ითვალისწინებს საქართველოს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ოთხ სხვადასხვა კუთხეში ოთხი კომპლექსის მშენებლობას, სასტუმროებითა და ტურისტული ბიზნეს ცენტრებით, რომლებიც ერთმანეთთან საბაგირო გზით იქნებიან დაკავშირებულნი.

გასულ კვირას ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს ბრალი დასდო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 4 ჰექტარის მითვისებაში. აღნიშნული ბრალდება უარყო ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ და განმარტა, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრები შეიცვალა სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის ჩანაცვლებით.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ბოტანიკურ ბაღს 2007 წელს მიანიჭეს. მისი ტერიტორია 81 ჰექტარს მოიცავს.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 19


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები