ეკონომიკა

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა გახდება

19.07.17 16:15


ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა გახდება – მსოფლიო დონის ატრაქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, 19 ივლისს გაიმართება.

კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას.

განვითარების კონცეფციის თანახმად, კაშხლის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებისთვისაც.

ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლადაც, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 4 სექტემბრიდან ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ტურისტული ზონის პროექტირება, რომლისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც, თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები