საზოგადოება

ილია მეორე - არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს

24.07.17 16:00


ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოფელ სნოში სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მღვდელმთავრები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწმინდესმა სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სასტუმრო ”სნო” აშენდა იმისთვის, რომ არა ვინმემ მატერიალური სარგებელი ნახოს, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი მოქმედება სხვა რეგიონებმაც გაიმეორონ.

”ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა. ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ. აი მე ვაჩვენე მაგალითი ამისი.

საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის, მოსავალი. ჰაერი, ყველაფერი მოგვცა ჩვენ ღმერთმა. ამიტომ ვისარგებლოთ ამ ღვთის წყალობით. დარწმუნებული ვარ ჩვენ დავუბრუნდებით შრომას. შრომა არის მკურნალი ადამიანის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მობრძანდით დღეს აქ. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო”, - ბრძანა უწმინდესმა.

სასტუმრო ”სნო” 34 ადგილიანია და ის შემოწირულობებით აშენდა. როგორც სასტუმროს მენეჯერები აცხადებენ, სასტუმროსგან მიღებული შემოსავალი სოფელ სნოში შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს მოხმარდება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები