საზოგადოება

გუდაურში ზაფხულის სეზონი გასართობი ღონისძიებებით გაიხსნა

24.07.17 18:15


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, გუდაურში ზაფხულის სეზონი გუშინ, ოფიციალურად გასართობი ღონისძიებებით გაიხსნა.

გონდოლის ზედა სადგურთან მოეწყო სპეციალური ტერიტორიები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობებში: ითამაშეს პეინთბოლი, ხელბურთი, იფრინეს პარაპლანით.

როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სამთო-სათხილამურო კურორტები ზაფხულის სეზონზე და ეს ყველაფერი ტურისტების მკვეთრ ზრდას შეუწყობს ხელს.

„ეს ღონისძიებაც უკავშირდება იმას, რომ გუდაური გადაიქცეს 4-სეზონიან კურორტად.

როგორც იცით, გუდაურსა და და ბაკურიანში ამ დროისთვის უამრავი ვიზიტორია. დღეს ზაფხულის სეზონი გუდაურში გაიხსნა, ხოლო 7 აგვისტოს ზაფხულის სეზონი გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზეც გაიხსნება. ვფიქრობთ, რომ შარშანდელი მიღწევა, როდესაც ვიზიტორების 37%-იანი მატება დაფიქსირდა, წელს უფრო გაიზრდება და ახალი რეკორდი გვექნება. ეს ყველაფერი ტურისტების მკვეთრ ზრდას ხელს შეუწყობს“- განაცხადა ონოფრიშვილმა.

გუდაურის მთის დეპარტამენტის მართვის უფროსმა კონსტანტინე ქადაგიძემ კი აღნიშნა, რომ გუდაურში სამი მნიშვნელოვანი საბაგიროა ჩართული. მისივე ინფორმაციით, საბაგიროები მუშაობს ყოველდღე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

„ეს საბაგიროები დაგვაკავშირებს ქვედა გუდაურიდან საძელეზე ასასვლელად, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება. წლის განმავლობაში ბევრი პროექტია დაგეგმილი. 30 ივლისს მოტოშეჯიბრი გაიმართება. ეს შეჯიბრი შარშანაც ჩატარდა. იმედი გვაქვს, რომ ყოველ წელს ჩავატრებთ და ეს შეჯიბრი საერთაშორისო გახდება“ - განაცხადა გუდაურის მთის დეპარტამენტის მართვის უფროსმა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ განმარტავენ, რომ მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები