ანალიტიკა

აფხაზეთში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა ისევ დაბლოკეს

25.04.16 1:10


"ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოელებზე საცხოვრებელი სახლებისა და მიწების მიყიდვის კანონპროექტი აღარ განიხილება. "დეპუტატმა" სერგეი შამბამ, რომელიც მისი ავტორია, გუშინ საღამოს "პარლამენტიდან" გაიწვია, კანონპროექტი, რომლის გამოც აფხაზეთში ბოლო თვეებია, ძალიან დიდი დაპირისპირებაა და რომლის გამოც (გავრცელებული ვერსიით) შაბათს გაფრთხილების მიზნით სახალხო კრების ოპოზიციონერი დეპუტატის, ალმას ჯაპუას ავტომანქანაც ააფეთქეს. სოხუმში ამ ინიციატივის უკან წაღებასაც სწორედ ხალხის აღშფოთებას უკავშირებენ. გუშინ სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილები უცხოელებზე უძრავი ქონების გასხვისებაზე "მთავრობის" გეგმას აპროტესტებდნენ და ამ საკითხზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვდნენ.აქცია სოხუმის ცენტრში დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის ალმას ჯაპუას მიმართ სოლოდარობის გამოსახატავად მოეწყო, რომლის სამსახურებრივი "ტოიოტა" შაბათს სოხუმის ცენტრში ააფეთქეს. ჯაპუა უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ამიტომაც ეს აფეთქებაც ყველამ მის ამ აქტიურობას დაუკავშირა. მით უფრო, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ მან "პარლამენტს "კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც უცხოელებისათვის უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმის დაწესებას ითვალისწინებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით აფხაზეთში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა ისევ დაბლოკეს.

"მანქანის აფეთქების შედეგად ჯაპუა არ დაშავებულა, მსუბუქი დაზიანება მხოლოდ ორმა გამვლელმა მიიღო. გამოძიების განცხადებით, ავტომობილში დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. ბომბი მას შემდეგ ამოქმედდა, როდესაც "დეპუტატი" მანქანიდან გადმოვიდა. საქმე ტერორიზმის მუხლითაა აღძრული. "იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული საჯარო ადგილზე მოხდა და აგრეთვე იმის გამო, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად მართვადი იყო, სავარაუდოდ, მიზანი ალმას ჯაპუას გაფრთხილება იყო და არა მისი მოშორება," - განაცხადა აფხაზეთს დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მოჰამედ კილბამ. მისი თქმით, საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ რუსეთის მხრიდან იყო მოწყობილი ეს აფეთქება, მაგრამ ამბობს, რომ თავად ასე არ ფიქრობს, თუმცა მოტივად თავადაც ჯაპუას საქმიანობას ასახელებს.აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებელი სახლებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა კანონით აკრძალულია. ახალი კანონპროექტით კი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მოწოდებით ე.წ. დეპუტატების, გიორგი აგრბასა და სერგეი შამბას მიერ იყო მომზადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყველანაირი უძრავი ქონების გაყიდვა ნებადართული ხდებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"შამბას პოზიცია იყო, რომ აფხაზეთში ბევრს აქვს ისეთი უძრავი ქონება, რომელიც შეუძლიათ გაყიდონ და ის თანხა, მაგალითად, ბიზნესს მოახმარონ. აფხაზეთში შიშობენ, რომ მიწებისა და სახლების ყიდვის სურვილი და შესაძლებლობა მხოლოდ რუსებსა და ქართველებს შეექმნებათ. მართალია, შამბას კანონპროექტში მითითებული იყო, რომ ყველა უცხოელს შეეეძლებოდა სახლებისა და მიწის ყიდვა, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ამან აფხაზეთში მაინც დიდი ნეგატივი წარმოშვა. 1992-93 წლების ომის შედეგად ქართველების მიერ იძულებით დატოვებული სახლები აფხაზებმა გადაინაწილეს. უმეტესად თითო აფხაზს, როგორ სამხედრო ალაფი, ქართველების 3-4 სახლი აქვს მისაკუთრებული, თუმცა ამ სახლებში უმეტესად არ ცხოვრობენ. გაყიდვითაც კი ვერ ყიდიან, რადგან უცხოელი მოქალაქისათვის საცხოვრებელი სახლის მიყიდვა კანონით აკრძალულია. წინა წლებში ხდებოდა ისე, რომ რუსეთის მოქალაქე ყიდულობდა სახლს და აფხაზზე აფორმებდა, თუმცა ამან ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვა. იმ აფხაზებმა, ვისზეც ოფიციალურად გაფორმებული იყო უძრავი ქონება, რაღაც დროის შემდეგ რუსებს სახლები წაართვეს", - განაგრძობს გამოცემა.

"მოსახლეობის ნაწილს, ვისაც რამდენიმე სახლი აქვს, ახალი კანონის მიღება სურდა, იმ იმედით, რომ გაყიდდნენ "ზედმეტ" სახლს, მიღებული ფულით ან საკუთარს გაარემონტებდნენ, ან რუსეთში გადავიდოდნენ საცხოვრებლად ან რამე ბიზნესს დაიწყებდნენ. თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე დიდია ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თუკი უცხოელებზე საცხოვრებელი სახლები გაიყიდება, მალე აფხაზური ეთნოსი უმცირესობაში აღმოჩნდება. ამ მიზეზით ორშაბათის აქციაზე გამომსვლელები უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის დაკანონებას აპროტესტებდნენ. სიტყვით თავად "დეპუტატი" ალმას ჯაპუაც გამოვიდა და თქვა, რომ შამბას მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება "ჩვენთვის კატასტროფაა"-ო. ჯაპუამ აქციიდან "პარლამენტის" ხელმძღვანელობას მიმართა, საგანგებო სხდომა შეიკრიბოს, რომელზეც მხოლოდ ერთი საკითხის - უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გაყიდვაზე მორატორიუმის დაწყება იქნება განხილული. აქციაზე გამოვიდა აფხაზი აკადემიკოსი თეიმურაზ აჩუღბა, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთში უცხოელების დასახლების საკითხის დაყენებაც კი არ შეიძლება. მან წაიკითხა მიმართვა, რომელსაც ხელს "რესპუბლიკის" სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის 15 წარმომადგენელი აწერს და სადაც საუბარია, რომ "უცხოელებისათვის უძრავი ქონების მიყიდვა დაუშვებელია, რადგან ეს არის ქვეყანაში მასობრივი ჩასახლებისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პირდაპირი გზა." "მხოლოდ სამამულო ომში გამარჯვება დაგვეხმარა იმაში, რომ აფხაზურ მიწაზე აფხაზური ეთნოსი შეგვენარჩუნებინა", - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში. აქციაზე ინტელიგენციის მიერ შედგენილ ტექსტს სხვებმაც მოაწერეს ხელი", - წერს სტატიის ავტორი.

"ამ აქციის შემდეგ დაიგეგმა საგანგებო სხდომის სამშაბათს ჩატარებაც. თუმცა საღამოს უკვე ცნობილი გახდა, რომ სხდომა არ ჩატარდება, რადგან ამ საკითხმა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი დაპირისპირება გამოიწვია, "დეპუტატებმა" გადაწყვეტილება მიიღეს და უცხოელებზე უძრავი ქონების გადაცემის შესახებ კანონპროექტი აღარ განიხილება, შამბას კანონპროექტი განხილვიდან ამოღებულია. დე ფაქტო პარლამენტის წინ სახალხო კრების სპიკერმა ვალერი ბგანბამ მოსახლეობა შეკრიბა და ეს გადაწყვეტილება ამცნო. აფხაზეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, პაატა დავითაიას თქმით, დიდი ხანია რუსეთის მხრიდან დასმულია საკითხი, რომ უცხოელებისთვის აფხაზეთში საცხოვრებელი სახლებისა და მიწების გაყიდვა მოხდეს, ამ თემას შეეწირა დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშიც, თუმცა ახლა იმდენად დიდი პროტესტი იყო სოხუმში, რომ მიწების გაყიდვის დაკანონება ვერც ახლანდელმა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ ვერ მოახერხა და კანონი პარლამენტიდან გაიტანეს. "გაიმარჯვა იმ ფრთამ, რომელიც უცხოელებზე მიწებისა და სახლების გაყიდვას აპროტესტებდა," - აღნიშნავს დავითაია. დავითაის თქმით, უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვა 2008 წლის შემდეგ აიკრძალა. როდესაც რუსეთმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა, მაშინ განაცხადა, რომ კარგი დროა, აფხაზეთში ფული დაიხარჯოსო და რუს ბიზნესმენებს გააქტიურებისაკენ მოუწოდა. სოხუმის ცენტრში, ზღვისპირას 3-ოთახიანი ბინის ფასი 150 ათას დოლარამდეც კი ავარდა. მაშინ ამის გამო დაფრთხნენ აფხაზეთის ფე დაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და მაშინვე უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის ამკრძალავი კანონი მიიღეს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"შემდეგ ეს თემა 2011 წელს, "ედინაია როსიას" დეპუტატ კონსტანტინე ზატულინის მიერ ახალ ათონში აგარაკის დაკანონების მოთხოვნის დროს გააქტიურდა. "ზატულინიც კი, რომელიც აფხაზი სეპარატისტების იდეოლოგი იყო, აღშფოთებულ განცხადებას აკეთებდა, ერთი აგარაკიც არ მაღირსესო. მაშინ აფხაზებმა დაიცვეს ეს. თავის დროზე სერგეი ბაღაფშიც იმ საკითხს შეეწირა, რომ რუსეთზე შავი ზღვის პორტი არ გაასხვისა. დღეს კი რუსებმა იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთში რუსული საჯარისო ფორმირება ძალიან მრავალრიცხოვანია, ერთობლივი შტურმი დაიწყეს და ხაჯიმბას მოსთხოვეს უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის დაშვება. როდესაც რუსეთთან ე.წ. ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს, მთავარი მომენტი სწორედ მიწის საკითხის გარკვევა იყო, რამაც მაშინაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ მოსახლეობაში," - ამბობს დავითაია. ის ხაზს უსვამს, რომ მიწის გაყიდვაზე დაპირისპირება ხაჯიმბას კლანსა და მეომრებს შორის იყო. "მეომრების პოზიციაა, რომ ჩვენ ჩვენი მიწა-წყლისთვის და ჩვენი ეთნოსის გადასარჩენად ვიბრძოდით და დღეს შეიძლება ვიღაც რუსი ფულიანი ან სხვა ვინმე მოვიდეს და ჩვენი მიწის მეპატრონეები ჩვენ აღარ ვიქნებით, აფხაზეთი 2 წუთში გაიყიდებაო," - აღნიშნავს დავითაია და ამბობს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მეომრებმა გაიმარჯვეს", - დასძენს გამოცემა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები