პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცებს - თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს

04.05.16 17:50


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს სახელით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 25 წლის იუბილე მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ღონისძიებაზე სამხედროებს სიტყვით მიმართა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს. 25 წლის წინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავხდით დამოუკიდებლები და დავიწყეთ ჩვენი სახელმწიფოს ხელახლა შენება, გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი, დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა. ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ ისტორიული ლოგიკით, რომელშიც ჩვენი სახელმწიფო 3 000 წლის განმავლობაში არსებობდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები იმ თავიანთი წინაპრების ტრადიციის გამგრძებლები არიან, რომლებმაც ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს და ისინი მშვიდობას იცავენ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

„თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას. ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ სამსახურისთვის და მინდა თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ მათი საქმე და მათი სულები აქ არიან და მომავალშიც იქნებიან. საქართველოს სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე, მადლობელია იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, იღვაწონ, ქვეყანა ააშენონ და წინ წაწიონ გამომდინარე იმ სამსახურიდან, რომელსაც თქვენ ეწევით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წელი 30 აპრილს შესრულდა. სააღდგომო დღესასწაულების გათვალისწინებით, წელს საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებით 4 მაისს აღინიშნება.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები