პოლიტიკა

საქართველოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ეწვევა

14.06.16 21:50


თინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ვარშავის სამიტის მოლოდინები და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე.

მათივე ცნობით, ჟან-ივ ლე დრიანმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან ფაზაშია შესული და საფრანგეთი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარებისა და ავიაციის დარგში აქტიურად ეხმარება.

„ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე, იმ თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებზე, რომლის განვითარებაში და პროგრესის მიღწევაში საფრანგეთის სახელმწიფო ჩვენ გვერდით დგას და გვეხმარება. იმედია, 2017 წლიდან, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც იგეგმება. ჟან-ივ ლე დრიანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, სწორედ, ფრანგული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ოფიციალურ შეხვედრამდე, თინა ხიდაშელი ფრანგმა კოლეგამ თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში მიღებაზე მიიწვია.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები