საზოგადოება

უცხოელი პედაგოგები ქართველ სტუდენტებს მსახიობის ოსტატობას შეასწავლიან

15.06.16 17:40


რუსი, ფინელი და აზერბაიჯანელი პედაგოგები ქართველ სტუდენტებს მსახიობის ოსტატობაში მასტერ-კლასებს ჩაუტარებენ, ნათქვამიასაერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსკი კლუბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსახიობის ოსტატობაში საზაფხულო სკოლა შეკვეთილში 15 ივნისს გაიხსნება და 26 ივნისამდე გააგრძელებს ფუნქციონირებას.

სკოლაში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კურსის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები (რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის სახელოსნო) ისწავლიან.

მეცადინეობები მსახიობის ოსტატობაში, სცენურ მეტყველებაში, სცენურ მოქმედებაში, რუსული ლიტერატურისა და თეატრის ისტორიაში ჩატარდება.

რუსეთიდან მოწვეულ პედაგოგებს შორის არიან ბ. შუკინას სახელობის მოსკოვის თეატრალური სასწავლებლის რეჟისორი და პედაგოგი ელენა ოდინცოვა, ამავე სასწავლებლის პედაგოგი და რუსეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე გალინა პასი და ასევე ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელევიზიისა და რადიოს კათედრის, რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის მსახიობისა და რეჟისორის ოსტატობის უმაღლესი კურსების მასწავლებელი მარინა პერეშინა.

ფინეთიდან საზაფხულო სკოლას რეჟისორი, დრამატურგი და თეატრალური ჯგუფ Theatre Vanha Juko-ის დამფუძნებელი იარი იუტინენი და ჰელსინკის თეატრ Sadsongkomplex.fi-ის მსახიობი ლიისა სოფი პეტინენი შეუერთდებიან.

სტუდენტები ასევე მოისმენენ აზერბაიჯანის სახალხო არტისტის, ს. ვურგუნას სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობისა და ანდრეი მირონოვის სახელობის პრემია „ფიგაროს“ ლაურეატის ლუდმილა დუხოვნაიას სასწავლო კურსს.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ბათუმის ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლ "Frozen Images/Ледяные картины“-ის ჩვენება, რომელშიც ზაფხულის სკოლის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული პროექტი „რუსკი კლუბის“ ორგანიზებით საქართველოში მეორედ ტარდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები