პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვიზალიბერალიზაციის ქვეყნის შიდა პროცესებთან დაკავშირება გამორიცხულია!

15.06.16 19:20


ბატონო გიორგი, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის თემა ლამის ქრისტეს პერანგად იქცა, ექსპერტები ამ საკითხს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ…
ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველაფერი სახეზეა. ამ თემის შიდა პროცესთან დაკავშირება კატეგორიულად გამორიცხულია.

მოდით, უფრო გლობალურად შევხედოთ: საკმაოდ დიდი პრობლემები გაჩნდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ლტოლვილთა დაურეგულირებელი ნაკადების გამო, განსაკუთრებით ბალკანეთის და მიმდებარე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან.

უკრაინაშიც რთული მდგომარეობაა რუსეთის აგრესიის გამო. ბევრი მოითხოვს ევროპაში გასვლას, თავშესაფარის საკითხებთან დაკავშირებით ასევე ჩამოსაყალიბებელია ევროპის პოზიცია. სერიოზული პრობლემებია თურქეთთან დაკავშირებითაც. საქართველოს საკითხი არ განიხილება ცალკე, საუბარი იმაზეა, რომ საქართველო და უკრაინა ცალკე გამოეყვნენ.

ვერ დამისახელებთ თემას, რომლითაც ჩვენ ჩამოვრჩებით გეგმა —გრაფიკს, რომელიც 2013 წლის თებერვალში შემუშავდა. ვიზა —გეგმის რეალიზაცია დაიწყო 2012 წელს, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და მერწმუნეთ, დიდი ჯაფა დაგვჭირდა იმისთვის, რათა საქართველო დაახლოებოდა განვითარებული ქვეყნების სტანდარტს.

- „რუსთავი 2“-ის საქმემ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა და ახლა იქ ატყდა ვნებათაღელვა. „ნაციონალები“ მოსამართლეთა შერჩევითობაზე საუბრობენ…
ერთ-ერთმა მოსამართლემ მოითხოვა საქმეში ჩართულობა, ამას მოჰყვა „ნაციონალების“ რეაქცია, შემდეგ იყო მინიშნება, რომ ერთსა და იმავე მოსამართლესთან ხვდება ერთი და იგივე საქმეები და ეს განზრახ კეთდება. მინდა მოგახსენოთ, რომ ერთი მოსამართლე გახლავთ გვარამიას ყოფილი მოადგილე, მეორე მისი მოადგილის მეუღლე და მთელი ეს აჟიოტაჟიც ამან გამოიწვია — ეს არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების გასაგონადაც.

საერთოდ, სამართლიანობა მოითხოვს საქმეები ნაწილდებოდეს კონკრეტული პიროვნებების შერჩევის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება დანიშნული წევრებისგან და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. სამი წევრი პარლამენტისგან, სამი პრეზიდენტისგან და სამიც უზენაესი სასამართლოსგან, სწორედ ეს პრინციპი უნდა იყოს გარანტი სამართლიანობისა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ბევრი განცხადება მოვისმინე, მათ შორის, ბოლო იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონელის განცხადება, რომ ეს არის სასამართლოს ქვემდებარე საკითხი და პოლიტიკოსთა აზრთა ჭიდილი ამაზე გავლენას ვერ მოახდენსო. სავსებით ვიზიარებ ამ პოზიციას…

-სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად ცნო…
— მე გულდასმით წავიკითხე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და იქ ვერ აღმოვაჩინე ივანე მერაბიშვილის პოლიტპატიმრად ცნობის ვერანაირი დასტური. რაც შეეხება რეაგირებას, პასუხის გაცემა, თუ არ ვცდები, იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა და არ მინდა სხვისი ფუნქციები ვიტვირთო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები