პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი: ვალერი გელაშვილის ცემის დავალება პირადად სააკაშვილისგან მივიღე

15.06.16 20:15


თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა. ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას ჩვენება დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისცა. ოქრუაშვილმა დეტალურად ისაუბრა გელაშვილის ცემის ფაქტთან და იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა.

მისი თქმით, სანამ ვალერი გელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, შავნაბადას რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან სამი შეხვედრა გაიმართა. სამი შეხვედრიდან ერთ-ერთს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მან პირადად მიიღო სააკაშვილისგან გელაშვილის ცემის დავალება. მისი ინფორმაციით, სააკაშვილს გელაშვილთან პირადი ანგარიშსწორება უნდოდა.

საქმე ეხება, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იყო სააკაშვილის რეზიდენციაზე და ნახსენები იყო ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც.

ოქრუაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილს იმ პერიოდში ჰყავდა გარკვეული დაჯგუფება, რომლებიც არცერთ სახელმწიფო უწყებაში ოფიციალურად არ მუშაობდნენ. ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დაჯგუფების დახმარებით, უნდოდა სააკაშვილს ვალერი გელაშვილთან ანგარიშსწორება.

ოქრუაშვილის რწმუნებით, ამ შეთავაზებაზე სააკაშვილს მან უარი უთხრა.

სააკაშვილის ეს დავალება კი მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შეასრულა.

“გელაშვილის საჯარო განცხადებებს უკავშირდებოდა სააკაშვილის თხოვნა. მე მთხოვა ანგარიშსწორება მომეხდინა გელაშვილზე. მოტივი არ უნდა გამოჩენილიყო. მე ვისმენდი, მერაბიშვილი აქეზებდა და აგულიანებდა, ეუბნებოდა თუ ერთხელ ასეთი რამე პრეზიდენტის მიმართ ვინმემ გაბედა, სხვებიც გაბედავენო. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო და გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო. მეორე შეხვედრაზე სააკაშვილის გადარწმუნებას ვცდილობდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. მესამე შეხვედრა კი პოსტფაქტუმ შედგა და დავრწმუნდი სააკაშვილის საუბრიდან გამომდინარე, რომ დავალება მერაბიშვილმა შეასრულა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სახის დავალება მიხელ სააკაშვილის მხრიდან პირველი არ ყოფილა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები