პოლიტიკა

საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

15.06.16 21:35


საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წელიწადს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ივნისი ძალიან ინტენსიური იყო ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის.

”ასე რომ, ხედავთ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებიც ძალიან კარგია. საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წელიწადს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. ჩვენ ვილაპარაკეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. კარგია, რომ 2017 წელი გამოცხადდა ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად და 2018 წელს საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორც სტუმარი ქვეყანა. ეს ბევრ გერმანელს მისცემს საშუალებას გაიცნოს ქართული კულტურა, ქართველი მწერლები უკეთესად გაიცნოს, ვიდრე აქამდე. გერმანია თანამშრომლობს საქართველოსთან ევროკავშირის ფარგლებში, ასევე ჩვენი ერთობლივი პროექტების ფარგლებში ნატო-ს შიგნით”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისივე თქმით, გერმანიას სტუმრობდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ამჯერად კი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგა, ხოლო ივლისში საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა. ანგელა მერკელმა წარმატებები უსურვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

”ყოველთვის არა მარტივ, მაგრამ ძალიან ამბიციურ გზაზე, გერმანია იქნება თქვენი მეგობარი და კარგი პარტნიორი“, – აღნიშნა კანცლერმა.

გერმანიის კანცლერის განცხადების თარგმანს ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები