პოლიტიკა

სახალხო დამცველი: ნარკოტიკების მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება

16.06.16 15:55


საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველმა სარჩელით უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლების კონსტიტუციურობა.

მისი აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ერთ შემთხვევაში 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და გამეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

საუბარია კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომლებიც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაჰუმანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაატაროს სადამსჯელო ღონისძიებები და ნარკომანების რეაბილიტაციასა და მკურნალობას მეტი რესურსი მოახმაროს.

საქართველოში ყოველ 10 ათას კაცზე 29 ნარკომანი მოდის. ოფიციალური მონაცემებით, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი გადის მკურნალობას.

ნარკომანია საქართველოში უფრო გავრცელებულია 25-45 წლის მამაკაცებში. ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა. შსს-ს მონაცემებით, მისი მომხმარებელია ნარკომანთა 63.9%.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 2809


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები