პოლიტიკა

რუსეთმა ჟენევაში საქართველო „არაკონსტრუქციულობაში“ დაადანაშაულა

16.06.16 16:35


ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე რუსულმა მხარემ საქართველო „არაკონსტრუქციული პოზიციაში“ დაადანაშუალა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, თბილისმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებეზე უარი თქვა, რაც „მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი არაკონსტრუქციულ მიდგომად იყო აღქმული“.

რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება, რომ შეხვედრაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა 7 ივნისს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულმა რეზოლუციამ დევნილების დაბრუნების შესახებ.

„ამასთან დაკავშირებით აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დელეგაციებმა მკაფიო პროტესტი გამოთქვეს, მოითხოვეს ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგიდან დევნილთა საკითხის ამოღება და განაცხადეს, რომ ამ თემას აღარ განიხილავენ იქამდე, სანამ ქართული მხარე არ შეწყვეტს ნიუ იორკში დოკუმენტების შეტანას, რომელსაც დევნილთა მდგომარეობის შემსუბუქებისთვის არანაირი აზრი არა აქვს. რუსულმა დელეგაციამ ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელთა პოზიციას მხარი დაუჭირა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, უწყება აღნიშნავს, რომ „აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” საზღვრებზე არსებული ვითარების განხილვა სამუშაო რეჟიმში გაიმართა“.

„მონაწილეთა უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, რეგიონში ვითარება სტაბილურია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ხაზი გაესვა პოზიტიურ დინამიკას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობაში.

სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმებმა შეშფოთება გამოთქვეს „საქართველოში ნატო-ს აქტივობის“ გამო და ამ კონტექსტში ახსენეს საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებული სწავლება Noble Partner 2016.

ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტიც გახდა, რასთან დაკავშირებითაც „გამოითქვა იმედი, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ჩაატარებს მომხდარის გამოძიებას ეროვნულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და შედეგების შესახებ მხარეებს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აცნობებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 6 ივლისს, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი კი მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები