ეკონომიკა

სომხეთი საქართველოსკენ მომავალი გზის რემონტისთვის 51 მლნ ევროს ოდენობის კრედიტს იღებს

16.06.16 17:30


სომხეთის ეროვნულმა სათათბირომ (პარლამენტმა) ოთხშაბათს ევროპის საინვესტიციო ბანკთან საკრედიტო შეთანხმება მოიწონა, რომელიც სომხეთისთვის სახელმწიფოთაშორისი გზის ვანაძორი-ალავერდი-საქართველოს საზღვარი — ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლებისთვის 51 მლნ ევროს კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს.

ეს შეთანხმება გზების 100 მლნ ევროზე მეტი ღირებულების რემონტის პროგრამის რეალიზაციაზე მიმართული ორი კრედიტიდან პირველია.

კრედიტი გზის 92 კილომეტრიანი მონაკვეთის რემონტს მოხმარდება. გარდა ამისა, შეკეთდება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული სამი გვირაბი, ასევე 12 მოძველებული ხიდი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ტრასის აღდგენა სომხეთსა და საქართველოს შორის მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. სავარაუდოდ, ეს ცვლილებები ქვეყნის გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების დონეს აამაღლებს.

„ეს სატრანსპორტო გზა ძირითადი არტერიაა, რომელიც სომხეთს ევროპასთან და დსთ-ის ქვეყნებთან აკავშირებს, ამავე დროს, ესაა საქართველოს შავი ზღვის პორტებისკენ მიმავალი გზა, რომლითაც სომხეთის საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადის 60%-ზე მეტი გადის“, — განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც სომხეთში ბანკის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები