საზოგადოება

კრეტაზე სრულიად მართლმადიდებელთა კრება იხსნება

16.06.16 18:25


სრულიად მართლმადიდებელთა წმინდა და დიდი კრება ხუთშაბათს, კუნძულ კრეტაზე მუშაობას იწყებს.

უფრო ადრე ზოგიერთი ეკლესია შეხვედრის გადადების წინადადებით გამოვიდა, რადგან რიგი დოკუმენტების პროექტებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ანტიოქიის, ბულგარეთის, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებმა კრეტაზე დელეგაციების გამგზავრებაზე უარი განაცხადეს, ხოლო სერბეთის ეკლესიამ კრების დატოვების უფლება დაიტოვა, თუ არმყოფი ეკლესიების პრეტენზიები განხილული არ იქნება.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კრების დათქმულ დროსა და დადგენილი დღის განრიგით ჩატარება გადაწყვიტა.

1960-იანი წლებიდან კრებაზე 100-მდე თემის გამოტანა იყო დაგეგმილი. ათი წლის შემდეგ მათი რაოდენობა ათამდე შემცირდა. კრეტაზე განსახილველად წარდგენილი იყო ექვსი საკითხი — საეკლესიო ავტონომია, მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება სხვა ქრისტინების მიმართ და ზოგადად, მისი მისია მსოფლიოში, მარხვის მნიშვნელობა, ქორწინების საიდუმლო და მართლმადიდებლური დიასპორა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიებს განსხავებული შეხედულებები აქვთ. დღის წესრიგის შეცვლის აუცილებლობაზე სხვადასხვა ეკლესიებმა განაცხადეს, მათ შორის, ქართული ეკლესია არ დაეთანხმა იმას, რომ დღის წესრიგში არ არის საეკლესიო კალენდრისა და ქორწინების „ფუნდამენტური“ საკითხები.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის კრება გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ქართული ეკლესია დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლებს წერილი გაუგზავნა. „…გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება.

გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს”, — ნათქვამია პატრიარქის წერილში.

სრულიად მართლმადიდებელთა კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს გაიმართება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები