პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინის გენპროკურორი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა

16.06.16 18:45


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებას, როდესაც მან ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად მოიხსენია, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა.

ამ კვირაში ევროსასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს ხელისუფლება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ყოფნისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე ნორმის დარღვევაში დაადანაშაულა და მისთვის 4 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, გიორგი ნაზაროვს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკთხები განიხილეს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მერაბიშვილის საქმეს არასწორი შეფასება მისცა, რაც შეიძლება მისი არაინფორმირებულობიდან არის გამოწვეული, აღნიშნავენ უწყებაში.

„ეს ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული მხარის რეაგირება შესაბამისი იქნება და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ნაზაროვმა აღნიშნა, ის კიევს ოფიციალური თბილისის პოზიციას დაუყოვნებლივ გადასცემს.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურის“ საქმე. ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები