ანალიტიკა

რამდენიმე ეპიზოდი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიიდან (ნაწილი II)

31.08.17 17:00


წიგნის სათაურია „სომხური არქიტექტურის ნარკვევები“. გამოვიდა 1967 წელს (რუსულ ენაზე). მასში დიდი ადგილი უჭირავს მცხეთის ჯვარის ტიპის სომხურ ძეგლებს. უფრო გაღრმავებულია მათ შესახებ ავტორის მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრებები. გარდა ამისა, საფუძვლიანად არის გამოკვლეული და ახლებურად დათარიღებული სომხური ხუროთმოძღვრების მრავალი ცნობილი ძეგლი, რომელთა უმეტესობა სხვა მკვლევართა ნაშრომებში, სათანადო არგუმენტაციის გარეშე, ერთად, მაინცდამაინც VII საუკუნეშია თავმოყრილი. ამ მიზანდასახულად ტენდენციური პოსტულატების კრიტიკა გახდა კიდევ ერთი მიზეზი გ. ჩუბინაშვილის ოპონენტების გაღიზიანებისათვის.

აქ არ არის ადვილი გ. ჩუბინაშვილის მეცნიერულ კონცეფციებზე მსჯელობისათვის. ვიტყვი მხოლოდ, რომ იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე გატაცებით იკვლევდა სომხურ ხელოვნებას, იკვლევდა მასთან იმ პირველი კონტაქტების (1915 წ.) განწყობილებითა და შთაბეჭდილებით, რომლებიც მისთვის, მისივე სიტყვებით, „სრულიად დაუვიწყარი“ შეიქნა.

სიამოვნებით ვიხსენებ დღეებს, როდესაც სხვებთან ერთად გ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით საშუალება მომეცა მემოგზაურა სომხეთში, კიდევ ერთხელ მეგრძნო ხიბლი სომეხი ხალხის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობისა და ამასთანავე, განმეცადა ის განსაკუთრებული სითბო და სიყვარული, რომელსაც ასხივებდა თითქმის ოთხმოც წელს მიტანებული მოხუცის (მუდამ მთა–ბარს გამოკიდებულს, სულაც არ უჭირდა ახალგაზრდებთან ფეხის აბმა) მზერა და სიტყვა თითოეულ ძეგლზე. თუ როგორ დაუფასდა ზოგი კოლეგა–მეცნიერისაგან მას ეს სიყვარული, ჩვენმა მკითხველმა კარგად დაინახა.

კვლავ ნახსენებ „სომხური არქიტექტურის ნარკვევებს“ დავუბრუნდები. მისი ტექსტი, სადღაც გადაკარგულში, რუსეთის ერთ პატარა ქალაქ ლუბერციში დაიბეჭდა, ილუსტრაციები თბილისში გამზადდა, შემდეგ დიდი წვალებით შეერთდა და აიკინძა. წიგნის გამოცემა მაშინ ასე არ ხდებოდა. არც ის იყო ბუნებრივი, რომ წიგნის ბეჭდვის პროცესში, მასზე არავინ არაფერს ამბობდა. თუ რატომ, გვიან გავიგეთ. მივხვდით მხოლოდ მაშინ, როცა ერთ მშვენიერ დღეს ინსტიტუტს მოადგა სამი უცხო (ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის) პიროვნება მეზობელი რესპუბლიკიდან. სად ლუბერცი და სად ერევანი, მაგრამ მაინც შეუტყვიათ... (იქნებ არც არის მთლად დასაწუნი ის ჭარბი პატრიოტიზმი, რომელიც ჩვენს მეზობლებს ოდითგან მოსდგამთ და, რომელსაც ჩვენ ხშირად ვერ ვგუობთ ხოლმე). ბ–ნი გიორგი თავაზიანად შეხვდა სტუმრებს, შეუძღვა ოთახში და რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრებოდა მათ. სტუმრებს ხან ხვეწნით, ხან მუქარითაც კი უცდიათ დაესაბუთებინათ მისთვის, არ გამოეცა წიგნი. არადა, აზრი არ ჰქონდა არაფერს. წიგნის ძირითადი დებულებები უკვე კარგად იყო ცნობილი სამეცნიერო წრეებისათვის გ. ჩუბინაშვილის ცალკეული პუბლიკაციებით. მაშასადამე, სტუმართა უცნაური და უტაქტო ძალისხმევა მიმართული იყო მხოლოდ მათთვის უსიამოვნო მეცნიერულ ჭეშმარიტებათა გამეორების წინააღმდეგ. მაგრამ მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა. ქ–ნი გიორგი სახეგამეხებული გამოვიდა ოთახიდან. წიგნი გამოიცა.

აკად. გ. ჩუბინაშვილმა შემდეგაც გამოაქვეყნა რამდენიმე გამოკვლევა. მის არქივშიც დარჩა საინტერესო მასალები, მაგრამ აღნიშნული წიგნი, ვფიქრობ, მისთვის მთელი მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თავისებურ ნიშანსვეტად იქცა. ამით მან დაასრულა საკუთარ ნააზრევთა პუბლიკაცია იმ პრობლემატიკაზე, რომელიც მას უმნიშვნელოვანესად მიაჩნდა და, რომელზედაც ფიქრი და გარჯა ახალგაზრდობიდანვე დაიწყო.

ყველაფერი მოასწრო, ყველაფერი განასრულა, მაგრამ არა მხოლოდ წელთა სიმრავლის გამო (გარდაიცვალა 1973 წ. 88 წლისა), არამედ უფრო იმით, რომ იგი გასაოცრად მიზანდასახული, მოწესრიგებული, მომთხოვნი საკუთარი თავის (და სხვების) მიმართ, ამასთანავ მომთმენი და მიმტევებელიც. დიდად სულგრძელი ბრძანდებოდა საფუძვლიანი კრიტიკისადმი (ამის მაგალითები მეც მახსოვს—, მაგრამ ისეთ უსამართლო და არაკეთილსინდისიერ კრიტიკას, როგორიც ამ კრებულშია წარმოდგენილი, არ აპატიებდა არავის.

წინამდებარე პუბლიკაციას, ვფიქრობ, ორგვარი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, უწინარესად, ისტორიული, რაკი ისტორიისათვის კარგსაც და ცუდსაც ერთი ფასი აქვს, ხოლო შემდეგ მორალურ–შემეცნებითი იმათთვის, ვინც ამ ბოლო დროს უკადრისად და რაღაც გაუგებარი ჟინით ცდილობს თავისებურად ააღორძინოს ზემოთ მოთხრობილი „ისტორიები“. სამწუხაროდ, ასეთები კვლავაც არიან და არიან არა სხვაგან სადმე, არამედ ჩვენთან.

ალბათ, დაისმება კითხვა – მოსკოვში საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში, კერძოდ, «РИС”-ში (Редакционно-издательский совет) ერევნელი სომეხი მეცნიერის მიერ გაგზავნილი წერილები და საჩივრები როგორ მოვხდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში.

ამ ფაქტს ნათელს ფენს ნ. მუსხელიშვილისადმი „РИС»-ს სწავლული მდივნის ე. ს. ლიხტენშტეინის 1966 წლის 18 თებერვალს გაგზავნილი წერილი. ამ წერილიდან ირკვევა, რომ მათი შეთანხმების თანახმად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გაეგზავნება აკად. გ. ჩუბინაშვილის წიგნი „Разыскания по армянской архитектуре”-ს შესახებ „РИС“–ში შემოსული სომეხ მეცნიერთა ყველა წერილი და საჩივარი:

Копия
Академия наук союза советских социалистических республик
Редационно-издательский совет (РИСО)
Москва, В-71, Ленинский пр., 13 17 февраля 1966 г.
№ 57-675/26
Президенту Академии наук Грузинской ССР
Академику Н. И. Мусхелишвили
Глубокоуважаемый Николай Иванович!
Согласно договоренности Редакционно-издательский совет Аакадемии наук СССР направляет Вам рукопись академика АН Груз. ССР Г. Н. Чубинашвили «Разыскания по армянской архитектуре» и копии писем, поступивших в адрес издательства «Наука» и Комитета по печати при Совете Министров СССР.
Ученый секретарь редакционно-издательского совета АН Г СССР (Е. С. Лихтенштейн)
(подпись)
ამიტომ აღმოჩნდა ის საარქივო მასალა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის არქივში.

ვიდრე ამ საარქივო მასალას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოვადგენთ გვსურს მცირე მოგონება შევთავაზო მკითხველ საზოგადოებას. 1967 წლის შეხვედრაზე სამეცნიერო მივლინებით ვიყავი ერევანში პირველი ათი დღე ვიმუშავე სომხეთის სახელმწიფო არქივში დაცულ პროფ. ალ. ხანანაშვილის პირად ფონდზე. შემდეგ გადავინაცვლე მატენადარანში და იქ დაცული ძველი ქართული ეკლესიის შესახებ არსებული საარქივო მასალას გავეცანი. ჩემი ყოფნა ერევანში დაემთხვა აკად. გ. ჩუბინაშვილის „Разыскания по армянской архитектуре»–ს ირგვლივ სომეხ მეცნიერთა მიერ ატეხილ „განგაშს“ ეს წიგნი ყუმბარის აფეთქებასავით იყო გავარდნილი ერევანში, ყველას გიორგი ჩუბინაშვილის გვარი ეკერა პირზე. მარტო სამეცნიერო წრეებში კი არ ლაპარაკობდნენ აღშფოთებულნი, არამედ ფართო საზოგადოებების წარმომადგენლებიც გულისწყრომას გამოთქვამდნენ. კონკრეტული მიზეზი რომ გეკითხათ ვერ გეტყოდნენ. მთელი ერევანი დამუხტული იყო ანტიჩუბინაშვილით.

დრო გამოვნახე და სომხეთის ისტორიის ინსტიტუტში შევიარე აკად. ს. ერემიანი ვნახე და მისი ძველი მეგობრის პროფ. ი. მეგრელიძის მიერ დანაბარები მოკითხვა და ბარათი გადავეცი. დინჯი, თავშეკავებული კაცი ჩანდა. აკად. გ. ჩუბინაშვილის წიგნი, რა თქმა უნდა, გააკრიტიკა მაგრამ ზოგიერთი სომეხი მეცნიერივით მის პიროვნებაზე აუგი არ დაცდენია.

ასეთი საყოველთაო უარყოფითი დამოკიდებულების შემდეგ აღარ გამიკვირდა, შემდგომ რომ ვნახე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში სომეხ მეცნიერთა ამდენი კრიტიკული – კრიტიკული კი არა, არც თუ იშვიათ შემთხვევაში განმაქიქებელი წერილი.
თუ რა ბედი ეწია, რა ტანჯვა–წამების გზა გაიარა წიგნმა და მისმა ავტორმა ვიდრე დღის სინათლეს იხილავდა, ამაზე ღაღადებს საარქივო მასალა, რომელიც პირველად ქვეყნდება.
პირველი წერილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელი პრეზიდენტი ნ. მუსხელიშვილის «РИС» თავმჯდომარეს აკად. ვ. ა. კირილინისადმი თხოვს 1966 წლის საგამომცემლო გეგმაში შეტანილი აკად. გ. ჩუბინაშვილის წიგნის «Разыскания по армянской архитектуре», რომელიც 20 საგამომცემლო თაბახი ყოფილა დაამატოს 10 თაბახი.
წერილის გაგზავნის თარიღია 1965 წლის 7 ივნისი.

ბონდო არველაძე – ერთი ეპიზოდი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიიდან, ანუ როგორ გაწირა აკად. გ. ჩუბინაშვილი რამდენიმე საბჭოთა მეცნიერმა. თბ., 2000, გვ. 66–67.

სამწუხაროდ, ზოგიერთი წერილის არარსებობის გამო რიგ შემთხვევაში არ ხერხდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვა.

ბონდო არველაძე. (გაგრძელება იქნება)

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები