პოლიტიკა

თინა ხიდაშელი ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა

16.06.16 19:55


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დასრულდა.

ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე ვარშავის სამიტის შესახებ ვისაუბრეთ. მთავარი თემა იყო ის კომუნიკე, რომელიც სამიტის შედეგად უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. განვიხილეთ საკითხები, რომლისგანაც ველოდებით პროგრესს, პროექტები, რომლის განხორციელებაც, სწორედ, ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა დაიწყოს საქართველომ. იქნება ბევრი საინტერესო სიახლე, მთელი რიგი ახალი თემების, ახალი ინიციატივების, რომლებიც ამ საუბრებისა და შეხვედრების შედეგად საბოლოო ჯამში წევრების ერთიანობის პირობებში უნდა გახდეს ვარშავის სამიტის მონაპოვარი - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ერთი რამ, რაც შეგვიძლია, აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და ორმხრივი პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა.

მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზე, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედი გვაქვს, ამ კუთხითაც გვექნება წარმატება, თუმცა მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავუსახეთ ვარშავის სამიტს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები, ადვილად გასაგები და ასახსნელი პროგრესი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ, ხორვატ, თურქ და უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები