პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - ერთადერთი ხსნა, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად განვითარებული ჩემი პარლამენტში მოსვლაა

16.06.16 21:45


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიას უვრცელებენ ხმებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ნინო ბურჯანაძე აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ეს არის მოგონილი იმისათვის, რომ ადამიანები დააბნიონ.

„ჩვენ გვივრცელებენ ხმებს, თითქოს ბურჯანაძე და მისი პარტია არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს არის ტყუილი. არის მოგონილი იმისათვის, რომ ადამიანები დააბნიონ. ჩვენ არათუ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ძალიან სერიოზულად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში და მე ვეუბნები ხალხს, რომ ერთადერთი ხსნა, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური, რეალურად დამოუკიდებელი და ეკონომიკურად განვითარებული სწორედ ჩემი და ჩემი პოლიტიკური ძალის პარლამენტში მოსვლაა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ანტიკონსტიტუციური უწოდა და აღნიშნა, რომ მას სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„აბსოლიტურად დემაგოგიური იყო ბატონი ხმალაძის და სხვების განცხადებები, რომ თითქოს სამართლიანობა აღდგა. სამართლიანობის აღდგენაში რომ ასეთი მაგრები ყოფილიყვნენ, ძალიან ბევრი სხვა რამ იყო გასაკეთებელი და სამართლიანობის აღდგენად არ ჩაითვლება ის, როდესაც ჩვენს პარტიას წაართვეს რაც კანონით და მოსახლეობის ნებით გვქონდა მონიჭებული. არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე წაგვართვეს უფასო სარეკლამო დრო ჩვენ და გადაუნაწილეს ისეთ პარტიებს, როგორიც არის „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ზოგიერთები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეს იყო აბსოლიტურად ყაჩაღური აქტის მცდელობა საქართველოს პარლამენტის მხრიდან.

”ჯერ კიდევ მესამე მოსმენა არ ჩატარებულა და იმედი მინდა ვიქონიო, რომ გამოჩნდებიან კეთილსინდისიერი დეპუტატები, რომლებიც არ დაუჭერენ ამ კანონს მხარს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ინფორმაციით, ”მრეწველებმა” მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებას, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პირადად მომგებიანია ეს კანონპროექტი. ”მრეწველები” ნამდვილად კეთილსინდისიერად მოიქცნენ. მინდა მოვუწოდო სხვებსაც, ვისაც აქვს კეთილსინდისიერებაზე პრეტენზია, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ ყაჩაღურ აქტს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, პარტიებთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების ისტორიაში და ”ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო გარემო ვერ ჩაითვლება თავისუფლად”.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს ”დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები