პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ვიმედოვნებთ, ძალიან მალე საშუალება მოგვეცემა გერმანიაში ვიზის გარეშე გამოვემგზავროთ

17.06.16 14:35


ჩვენ გვაქვს სწრაფად მზარდი უცხოური ინვესტიციები და ყველა სარეიტინგო საკრედიტო სააგენტო მიგვიჩნევს სტაბილურ ქვეყანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საჯარო ლექციას დაესწრნენ ბერლინის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, ექსპერტები და სტუდენტები.

”ჩვენი საგადასახადო სისტემა გადაიხედა: მსოფლიო ბანკის მიხედვით ჩვენ წარმოვადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ქვეყანას, სადაც შეიძლება ბიზნესის კეთება. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-9 ქვეყანა ყველაზე დაბალი გადასახადის მაჩვენებლით. ჩვენ გვაქვს სწრაფად მზარდი უცხოური ინვესტიციები და ყველა სარეიტინგო საკრედიტო სააგენტო მიგვიჩნევს სტაბილურ ქვეყანად. გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას.

ჩემმა მთავრობამ მიიღო ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიან და მზარდ განვითარებას. ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ საქართველოს ისტორია ყველაზე სწორი მხრიდან”, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველო არის პატარა, სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4 მილიონს და რომელსაც გააჩნია უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი.

”ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ გვჯერა თავისუფალი, ღია და გამჭირვალე ბიზნეს გარემოსი. ჩვენ აღვკვეთეთ კორუფცია. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ჩვენ მოვიზიდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უმუშევრობის მაჩვენებელმა დაიწია. 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1.75 მილიარდი ამერიკული დოლარი, ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ. 2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1.35 მილიარდი ამერიკული დოლარი. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები ევროკავშირთან და გვჯერა, რომ ჩვენი მომავალი ემსახურება უსაფრთხო, უფრო დემოკრატიულ და აყვავებულ ევროპულ კონტინენტს. ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც სრულად მონაწილეობს საერთაშორისო ვაჭრობაში და ევროპულ ინტეგრაციას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევს. ჩვენ ამაყნი ვართ იმით, რასაც დღემდე მივაღწიეთ. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ამაში თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. გერმანია ისტორიულად იყო საქართველოს დიდი მეგობარი და გვინდა გთხოვოთ, რომ თქვენ განაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა, ვინაიდან ჩვენს გვსურს დავუახლოვდეთ ევროპას.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე საშუალება მოგვეცემა თქვენს ქვეყანაში ვიზის გარეშე გამოვემგზავროთ, მე აგრეთვე სურვილი მაქვს მიგიწვიოთ საქართველოში - მე მჯერა, რომ თქვენ იქ მიგიღებენ ძალიან თბილად და თავს იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები