პოლიტიკა

პრეზიდენტი მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

17.06.16 15:30


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

”სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურეობრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი”, — აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ამასთან მიშველაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის მიერ ვანო მერაბიშვილის შეწყალება არ იგეგმება.

ამ კვირაში ევროსასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს ხელისუფლება მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე ნორმის დარღვევაში დაადანაშაულა და მისთვის 4 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურის“ საქმე. ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები