მსოფლიო

აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

13.09.17 20:15


საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, ვაშინგტონმა რუსეთს მოუწოდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

"8 სექტემბერს ვაშინგტონში გაიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვის და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. განვიხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, აღინიშნა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. უაღრესად პოზიტიურად შეფასდა თავდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, იმ რეგიონალურ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე არსებობს. ჩვენ მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციებთან დაკავშირებით და ამერიკის მხარემ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ასევე, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, გამოითქვა შეშფოთება მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და იმასთან მიმართებაში, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა და დაიხურა ე.წ. გამშვები პუნქტები.


ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.ასევე, ვისაუბრეთ გიგა ოთხოზორიასთან დაკავშირებით, ამერიკამ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმს, რომ ადამიანი, რომელიც ჩაიდინა ეს მკვლელობა, იყოს პასუხისგებაში მიცემული. ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია იყოს განხილული", - აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი 2009 წელს მოეწერა.ქარტია ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები