პატრიარქი: ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები

14.09.17 15:40


“ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ეკლესიური ახალი წელი და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

”დღეს არის ახალი წელი ეკლესიურად და დასაწყისი სასწავლო წლისა. ორი დღესასწაული დაემთხვა ერთმანეთს. მე მინდა ორივე დღესასწაული მოგილოცოთ. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას გვაძლევს და რა არის განათლება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცოდნა. ცოდნის მიღება ეს არის ”ნათელი ქრისტესი”.

”ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, რომ ”ნათელი ქრისტესი” უნდა შევიდეს ჩვენში. ჩვენ გავუღოთ კარი და სარკმელი ჩვენი გულისა და გონებისა ”ნათელსა ქრისტესა”. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე”, – განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა მისი სტუდენტობის წლებიც გაიხსენა. პატრიარქის თქმით, იყვნენ ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც კარგად სწავლობდნენ, მეცადინეობდნენ და ითვისებდნენ პროფესორების მიერ გადმოცემულ ლექციებს, მაგრამ წიგნების კითხვას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.

უწმინდესის განცხადებით, ასეთი სტუდენტები თავისი ცოდნით და განათლებით სუსტები იყვნენ.

”ვიყავით ისეთი სტუდენტები, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას. უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის.

ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები. აი ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე და შეგახსენოთ უფლის სიტყვები – ”ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”. ღმერთმა მოგცეთ მადლი, წყალობა, სიბრძნე, სიხარული, სიყვარული და მტკიცე სარწმუნოება”, – განაცხადა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა.

პატრიარქმა დღეს სიონში სასულიერო აკადემიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

პატრიარქის თქმით, დეკანოზი დიდი პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შთამომავალია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები