პოლიტიკა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა

17.06.16 16:40


ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილე გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და მინისტრის მოადგილეების დონეზე იკრიბება.

”დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის მხარე, რომელსაც წარმოადგენდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი.

სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები.

ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს და აღნიშნა რა რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ხაზი გაესვა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ.
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან დღემდე ამ მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას. ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო დაიძაბა 19 მაისს სოფ. ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომლის მანდატიც გაგრძელდა ორი წლით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართულობა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 838


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები