პოლიტიკა

თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს

17.06.16 16:55


1-5 ივლისს თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს. პარლამენტის ინფორმაციით, სესიის თემა იქნება – „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ფორუმს მისი წევრი 57 ქვეყნიდან 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები დაესწრებიან, ეუთოს ქვეყნების სივრცეში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს და მიგრაციის გლობალურ პრობლემებს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ყოვლისმომცველი და ისტორიული „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით და ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.

”აღნიშნული ყოველწლიური სესია ორ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა – 2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქართველო კი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს ზეიმობს. აღნიშნული ფორმატის შეკრებას საქართველო პირველად უმასპინძლებს, რაც პოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის ავტორიტეტსა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

საპარლამენტო ფორუმი საქართველოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევის შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საორგანიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის დაწყებამდე ორი კვირაა დარჩენილი”, – აცხადებენ პარლამენტში.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება 1-5 ივლისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები