პოლიტიკა

საქართველო და აშშ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

18.09.17 16:10


საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერის იმედი აქვს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, ვაშინგტონში ვიზიტის შედეგების შეჯემაბისას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ის კონგრესსა და წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრები გამართა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და, შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", — განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრების გარდა, საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საარჩევნო გარემო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.

2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. 2009 წლის ივნისში ქარტიის ფარგლებში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები რიგი მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

სადღეისოდ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკვე გააფორმა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. მაისში საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, რომელიც ძალაში შევა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შედმეგ.

გარდა ამისა, 2017 წლის აპრილში საქართველომ და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის თაობაზე კვლევის დაწყების შესახებ საერთო განცხადებას მოაწერეს ხელი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები