პოლიტიკა

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

18.09.17 16:45


საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტარები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს, რომელიც ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება, ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში — კომოს კომუნიკეში, რომელიც იტალიაში, კომოს ტბაზე შეკრებილმა სამი ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, სამიტის წინ გამართული მოსამზადებელი შეკრების დასასრულს მოაწერეს ხელი, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივა — „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების ტრიო, ეს არის პლატფორმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შეიქმნა. ის ხელს უწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის ახლო თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისთვის საჭირო კოორდინაციას და ევროპულ გზაზე ერთობლივი ძალებით დაწინაურებას. ინიციატივის ფარგლებში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

„კომუნიკე აღნიშნავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგად ევროკავშირთან მიღწეულ ისტორიულ დაახლოებას. კიდევ ერთხელ გამოხატავს ამ ქვეყნების მზაობას, უდიდესი გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, განავითარონ დემოკრატიული მმართველობა, განამტკიცონ კანონის უზენაესობა ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე და წვლილი შეიტანონ საერთო ევროპის უსაფრთხოების და კეთილდღეობის განმტკიცებაში", — აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, აღნიშნული პლატფორმის დონორი ორგანიზაციის — კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ევროპარლამენტის წევრები, ლიტვის, მოლდოვის, უკრაინის პარლამენტის წევრები და ევროპის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები.

პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამათგან ბოლო სამმა 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელების დონეზე 2012 წლიდან იმართება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები