პოლიტიკა

გახარია: საქართველო შეიძლება გახდეს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

18.09.17 21:00


საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გახდეს ძირითადი პლატფორმა აბრეშუმის გზის ინიციატივისა და ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩინეთში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე.

საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა China Investment and Trade Fair 2017 (CIFIT), რომელზეც საქართველო წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმღები ქვეყანა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე უკავია, ქალაქ სიემენში ორშაბათს გაიხსნა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და რეგიონში ქვეყნის სატრანზიტო როლზე ისაუბრა.

ევროპის, აზიისა და და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე სტრატეგიულად მდებარე საქართველოს გააჩნია პოტენციალი გახდეს სარტყელი და გზის ინიციატივის საკვანძო პლატფორმა და დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", — განაცხადა მან.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, აღნიშნა გახარიამ.

"საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, ჩინეთს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებს, დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთს. არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ჩვენ გვაქვს თავისუფალი დაშვება მსოფლიო ბაზრის 1/3-ზე", — განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, უახლოეს მომავალში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ჰონგკონგთან და ინდოეთთან.

გამოფენაზე, რომელიც ქალაქ სიემენში 18-21 სექტემბერს გაიმართება, საქართველოს 120 კომპანია იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში, რომელზეც საქართველოსთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი, საქართველოს პოტენციალი სხვადასხვა სფეროებში იქნება წარმოდგენილი, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

CIFIT-ზე ქართული მხარე წარმოადგენს იმ სახელმწიფო უწყებების სტენდებს, რომლებიც სამთავრობო პროგრამებს ახორციელებენ და აგრეთვე ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიებს. დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გაესაუბრონ ქართული კომპანიებისა და უწყებების წარმომადგენლებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები