პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დროშები სკოლაში: ვინ აგებს პასუხს დარღვევაზე

19.09.17 15:25


სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოს, რომელიც აჭარის სოფელ სხეფის სკოლაშია გადაღებული და რომელზეც პირველკლასელებს ხელში „ქართული ოცნების“ ალმები უჭირავთ, სკანდალი მოჰყვა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მით უმეტეს, განათლების სფეროში, პირებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება ეკრძალებათ.

მასწავლებელი მარინე დარჩიძე, რომელიც მომხდარის გამო შესაძლოა სამსახურიდანაც დაითხოვონ, აცხადებს, რომ ბავშვები თავად მივიდნენ სკოლაში ალმებით.

როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგმა აღნიშნა, ის ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც მუშაობდა საარჩევნო კომისიაში, მაგრამ აგიტაციით არასდროს ყოფილა დაკავებული. მისი თქმით, უნებლიე შეცდომა მოუვიდა.

აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც, რომელმაც პედაგოგისა და სკოლის დირექტორის დასჯა არ გამორიცხა. ეს შესაძლოა იყოს გაფრთხილება, საყვედური ან გათავისუფლებაც კი.

„საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ მოკვლევა დავიწყეთ, როცა ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან წესებიდან გადაცდომა", — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა სწორედ ისაა, რომ სკოლა სრულიად თავისუფალია პოლიტიკური პროცესებისგან და ასე იქნება მომავალშიც.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები