საზოგადოება

საქართველოს ელჩი იტალიაში - ე.წ. აფხაზური კულტურის ინსტიტუტს რომში ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა

17.06.16 18:50


იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის ინფორმაციით, ე.წ. აფხაზური კულტურის ინსტიტუტს რომში ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიხარულიძემ განუცხადა, საქმე გვაქვს კერძო პირების ინიციატივასთან, რომელსაც არანაირი ოფიციალურ სტატუსი არ აქვს და იტალია განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ წინმსწრებად გვქონდა ინფორმაცია ამგვარი ინიციატივის შესახებ სეპარატისტების მხრიდან. ამ წამოწყებას არ გააჩნია არავითარი ოფიციალური სტატუსი. ჩვენ უკვე მივმართეთ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, რომის მერიას და შესაბამისი რეაგირება უკვე სულ მალე იქნება. ეს არის კერძო პირების ინიციატივა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და იტალიის ხელისუფლება, როგორც ყოველთვის აკეთებდა, ამას დროულად ალაგმავს. ასე რომ, პრინციპში არავითარი პრობლემა არ არის“, - განაცხადა კახა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს რომში „აფხაზური კულტურის ინსტიტუტს“ ხსნის. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ეს არის აფხაზეთის პირველი კულტურული ინსტიტუტი როგორც იტალიაში, ისე საზღვარგარეთ“. ცერემონიას მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან რუსეთის, ვენესუელისა და ნიკარაგუას ელჩები იტალიაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები