საზოგადოება

მერაბ ტურავამ “რუსთავი 2”-ის საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობაზე განცხადება გააკეთა

17.06.16 19:00


„არ გაასაჯაროვოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა “იყო თუ არ იყო ჩანიშნული საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი” – ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლე მერაბ ტურავას, მას შემდეგ რაც მან “რუსთავი 2”-ის საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლე მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის დროს აღნიშნა, რომ მისი შუამდგომლობა საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე დროის გახანგრძლივებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას “რუსთავი 2”-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების თარიღი არ ჰქონდა ჩანიშნული.

“მაშინ, როცა საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხი დავაყენე პირველ კოლეგიას გადაწყვეტილების თავდაპირველი ვერსიაც კი არ ჰქონდა შემუშავებული და არ ვიცოდი რა გადაწყვეტილებას მივიღებდით. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავასწრებდით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდა გთხოვოთ, რომ არ ჩათვალოთ ჩემი შუამდგომლობის დაყენება საქმის გაჭიანურებად და არ ჩათვალოთ, რომ მიზნად ისახავდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.

პროცესის მიმდინარეობის დროს აღნიშნული განცხადების გაჟღერების გამო მერაბ ტურავას პლენუმის თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მიმართა, რომ არ გაასაჯაროვოს ისეთი დეტალები, როგორიცაა “იყო თუ არ იყო ჩანიშნული საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი”.

“რუსთავი 2”-ის საქმეზე დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გუშინ დაიწყო. თავდაპირველად საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა, არსებითი განხილვა და დასკვნითი სიტყვების ნაწილი დასრულებული იყო, კოლეგიის მოსამართლეები სათათბიროდ იყვნენ გასული და საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპი იყო დამდგარი, თუმცა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობით საქმე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები