საზოგადოება

აშშ-ში ქართული ღვინის დღეები ტარდება

17.06.16 19:10


ნიუ-იორკში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ქართული ღვინის პიარ-კამპანიის „ივნისი — ქართული ღვინის თვე აშშ-ში“ ფარგლებში ჩატარდა.

დეგუსტაციაზე 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია Tastingwork-ის ორგანიზებით ჩატარდა.

დეგუსტაციას პროფესიონალები და ღვინის იმპორტიორები ესწრებოდნენ, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ როგორც ტრადიციული ისე ევროპული მეთოდებით დამზადებული ღვინო.

ნიუ-იორკში გამართული დეგუსტაცია-სემინარის შემდეგ, ქართულ ღვინოს 20 ივნისს ვაშინგტონში, ხოლო 27 ივნისს სან-ფრანცისკოში დააგემოვნებენ.

აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გასულ წლებში ეს ქვეყანა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი.

„ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით შესაძლებელია აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა", — ნათქვამია ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება.

„ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას", ნათქვამია განცხადებაში.

2015 წელს აშშ-ში 248 075 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტირება მოხდა, რაც 31%-ით მეტია 2014 წლის მონაცემებთან შედარებით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები