პოლიტიკა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

20.09.17 19:15


თბილისში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრამ მუშაობა დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ევროპელმა და ქართველმა კანონმდებლებმა ასოცირების კომიტეტის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.

ასოცირების კომიტეტის დღევანდელი სხდომა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე საქმიანობის გაცნობით დაიწყო. მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგიმ დეპუტატებს მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნო.

მომხსენებელმა მონიტორინგის განხორციელების პროცესთან დაკავშირებულ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, გამოწვევებზე და მისიის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომის ძირითადი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ინდიკატორები წარმოადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და კერძო სექტორის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ბიზნესის წამოწყების გამარტივების პირობები, ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები და ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც სწორი რეფორმების და ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგია. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ თავის მოხსენებაში ფერმერთა და მეწარმეთა ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე და რეგიონის მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრების შექმნაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, სამინისტრო კოოპერატივების შექმნასა და სექტორული მიმართულებების განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც სოფლის მეურნეობის სფეროს გაძლიერებას და ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ წარმოადგინეს. გამოსვლების დასრულების შემდეგ მომხსენებლებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და რიგ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციები წარმოადგინეს.

სხდომის დასასრულს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმიმ კომიტეტის მუშაობის ორდღიანი შედეგები შეაჯამეს და პარლამენტის წევრებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მომხსენებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. კომიტეტის სხდომა კენჭისყრებით და ერთობლივი განცხადების მიღებით დასრულდა.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები