პოლიტიკა

უზბეკეთის პრეზიდენტის თქმით, ტაშკენტსა და თბილისს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება

21.09.17 18:45


პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შავკატ მირზოევმა თქვა, რომ უზბეკეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება.

უზბეკეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივაც.

უზბეკეთის პრეზიდენტის დავალებით, კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, უახლოეს მომავალში, საქართველოს უზბეკეთიდან მაღალი რანგის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა უზბეკეთში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც ქვეყანაში თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ემსახურება და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე გადადის. საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტების მნიშვნელობას.

უზბეკური მხარე საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებით სარგებლობით დაინტერესდა.

საუბარი ასევე შეეხო ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოსა და უზბეკეთის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

შეხვედრაზე, მხარეებმა ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს.

უზბეკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში მიიწვია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები