პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

22.09.17 19:10


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები მიიღო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ სერბეთის პარლამენტის წევრებს მათი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სერბი დეპუტატების თქმით, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას ბევრი საერთო აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო მიზანი ევროპული ინტეგრაციაა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორმა ქვეყანამ ამ მიზნის მისაღწევად და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს.

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტებსა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საუბარი, ასევე, ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა ხალხთა შორის დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის შესახებაც. მისი თქმით, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, თუმცა, რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო, დიალოგში პროგრესი არ არის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იანვარში საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი , ქვეყნაში მიმდინარე რეფორმები.

„ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან ერთი მხრივ, კიდევ უფრო მეტად ვაღრმავებთ მეგობარ ქვეყნებთან საპარლამენტო ურთიერთობებს, მეორე მხრივ, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, რადგან ორივე ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი - არის ის საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, ისევე, როგორც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ჩვენი საგარეო კურსის მიმართულებაზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გედევან ფოფხაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები