პოლიტიკა

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვას იწყებს

25.09.17 15:00


პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას უბრუნდება. კონსტიტუციაში და ასევე აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს, მესამე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. დღესვე ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც არსებული ინფორმაციით, რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კონსტიტუციის პროექტში მხოლოდ სარედაქციო ტიპის ცვლილებები შევა. მასში შინაარსობრივი ხასიათის ცვლილების ასახვა მოსალოდენლი არ არის. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სრულიად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება დააანონსა, რომლითაც ე.წ. ბონუსის სისტემა გაუქმდება და ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 3%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ბლოკების შექმნის შესაძლებლობა შენარჩუნდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებს, საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული.

პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

”კანონპროექტი უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას სამართლებრივ პრინციპებთან დააფუძნებს ძალზე დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისათვის”, - აცხადებენ ”ქართულ ოცნებაში”.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები