პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

25.09.17 17:00


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა და გუო შენკუნმა ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, გუო შენგკუნს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ჩინელ კოლეგებთან თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში. დანაშაული და განსაკუთრებით, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული, სცდება ერთი ქვეყნის საზღვრებს და მის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად აუცილებელია პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა საქართველოს შს მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს შს მინისტრის ასეთი მაღალი დონის სამუშაო ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა. შეხვედრაზე გუო შენკუნმა თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოთქვა და გაიზიარა გიორგი მღებრიშვილის მოსაზრება საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლის შესახებ.

გიორგი მღებრიშვილმა და გუო შენგკუნმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

აღნიშნული დოკუმენტი ორი ქვეყნის ძალოვანი უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და ამასთან, საქართველოს და ჩინეთის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლის წინაპირობას წარმოადგენს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა გუო შენგკუნს საქართველოს შს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი, ინოვაციური პროექტები გააცნო და შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ისაუბრა. ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროს ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჩინეთის მხარის ორგანიზებით, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პეკინში დაგეგმილია სწავლება თემაზე - „კრიმინალისტიკა და საგამოძიებო მოქმედებები“.

საქართველოს შსს-ს თანამშრომლები ჩინეთში გამართულ ამ მასშტაბის სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები