პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 სექტემბერს გაიმართება

25.09.17 22:15


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უფლებამოსილია, რიგგარეშე სხდომაზე 26 სექტემბერს შეიკრიბოს.

როგორც ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, პარლამენტის თავმჯდომარემ 14:01 სთ-ზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

”ვადებს რაც შეეხება, მოთხოვნა გავაგზავნეთ ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით. ეს მოთხოვნა 14:01 საათზე გაიგზავნა. კონსტიტუციაში წერია, რომ ვადები იანგარიშება მოთხოვნის გაგზავნიდან. შესაბამისად, გაგზავნის ფაქტს აქვს იურიდიული მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ინიციატივით შევიკრიბოთ სამშაბათ დღეს, 14:01 საათზე. ეს არის რეალური მოცემულობა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კომუნიკაცია შედგა.

„იყო კომუნიკაცია პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის. ჩვენ ვთხოვეთ, რომ წერილობითად ჩაგვებარებინა ეს დოკუმენტი პრეზიდენტისთვის, თუმცა, იქიდან იყო პასუხი, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს. ეს იყო პასუხი, რაც ბუნებრივია, არის ბავშვობა და ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მათ ჰქონდათ იმედი, რომ იურიდიულად შეაფერხებდნენ სამშაბათს სხდომის გამართვას, თუმცა, იურიდიულად ჩვენ გვაქვს სრული უფლება, პარლამენტი არის უფლებამოსილი, რომ 14:01 საათზე დაიწყოს პლენარული სხდომა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები