ანალიტიკა

რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიიღოს

21.06.16 19:50


რუსეთმა შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ საპასუხო ზომები მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ სანქციების ვადის გახანგრძლივების მხარდაჭერას გამოეხმაურა. "რა თქმა უნდა, შეიძლება, ამას საპასუხო ზომები მოჰყვეს, ჩვენთვის მთავარი პრინციპი ორმხრივი მოქმედებაა", - თქვა პესკოვმა.

საქართველომ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს 19 ივნისის გადაწყვეტილებას ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ ანექსიის გამო გასულ წელს შემოღებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ მხარი ევროკავშირის არაწევრმა შვიდმა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის -მონტენეგრომ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ლიხტენშტაინმა, ნორვეგიამ, უკრაინამ და საქართველომ.

დეკლარაციის თანახმად, ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისი იქნება, რასაც ევროკავშირი მიესალმება.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავთ ბაქრაძის განმარტებით, სანქციებს საქართველო „თავის დროზე იყო მიერთებული სხვა ქვეყნებთან ერთად".

მისი თქმით, ამ სანქციების ვადა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ევროკავშირმა გააგრძელა. „შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ სანქციებისადმი ჩვენს მიმხრობას. ეს არის ეკონომიკური ხასიათის. ბევრი ტექნიკური საკითხია იქ გათვალისწინებული, მაგალითად, ყირიმში ნაწარმოებ პროდუქტთან დაკავშირებით", - თქვა ბაქრაძემ.

19 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ, რომელიც ყირიმიდან პროდუქციის იმპორტსა და ოკუპირებულ ტერიტორიასთან ეკონიმიკურ ურთიერთობაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები