საზოგადოება

სახალხო დამცველი - დევნილთა ნაწილისთვის მძიმე საცხოვრებელი პირობები კვლავ პრობლემაა

21.06.16 20:40


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულ იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ანგარიშის თავის წარდგენისას, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მერი კოჭლამაზაშვილმა მიმოიხილა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, მათ შორის, 700-ზე მეტი ვიზიტი დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და 900-ზე მეტ დევნილისთვის გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია. მისი ინფორმაციით, მონიტორინგმა და ინდივიდუალური განცხადებების შესწავლამ ცხადყო, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდესი ნაწილისთვის მძიმე საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ფართის არქონა კვლავ უმთავრესი პრობლემაა. პრობლემად რჩება დევნილთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი არის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

საქართველოს კონფლიქტური რეგიონების გამყოფი ხაზის მიმდებარე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში სახალხო დამცველის მთავარმა მრჩეველმა მედეა ტურაშვილმა წარადგინა. მან ისაუბრა კონფლიქტით დაზარალებული შიდა ქართლისა და სამეგრელოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებელთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლის წყაროს ძიების სირთულეებზე, განხორციელებულ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებზე.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის, განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობის ნაწილს, დაზიანებული სახლებისა თუ დაკარგული ქონებისთვის სახელმწიფოსაგან დახმარება არ მიუღია. საოკუპაციო ხაზებზე კვლავ გრძელდება საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების მანკიერი პრაქტიკა. პრობლემურია გამყოფ ხაზებზე დაწესებული გადაადგილების რეგულაციები. აფხაზეთის მკვიდრთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მხოლოდ აფხაზური პასპორტების საშუალებითა და გამშვები პუნქტების მეშვეობით შეუძლიათ, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრთათვის გამყოფი ხაზი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სრულიად ჩაკეტილია. გალის რაიონში მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა. დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2015-2016 სასწავლო წლიდან დარჩენილი ქართული სკოლების 1-4 კლასებმა სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო, ხოლო დანარჩენ კლასებში კი შემცირდა ქართული ენისათვის დათმობილი საათები. ამასთანავე, ყოველი მომდევნო პირველი კლასი ასევე რუსულ ენაზე დაიწყებს სწავლას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი.

პრეზენტაციების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 5032


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები